
სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია ეფუძნება ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევასა და სხვადასხვა ტრენინგისა და სემინარის შეთავაზებას.
სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრები ეტაპობრივად გაიხსნება საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია ცენტრის თანამშრომლებთან და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ.
ამასთან, მეწარმეებს შეეძლებათ სიღრმისეული ბიზნეს-დიაგნოსტიკის გავლა, რაც მათ დაეხმარება უკეთ განსაზღვრონ საკუთარი ბიზნესის საჭიროებები და სწორად დაგეგმონ მისი განვითარება. დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, მეწარმეები შეძლებენ ისარგებლონ ცენტრში შეთავაზებული საკონსულტაციო მომსახურებით ან დაესწრონ შესაბამის ტრენინგებსა და სემინარებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაუმჯობესებას.
ცენტრის წევრ მეწარმეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ პროფესიული კონტაქტები თავიანთი სექტორის ან ღირებულებათა ჯაჭვის სხვა წარმომადგენლებთან, ისარგებლონ საერთო სამუშაო სივრცით და მონაწილეობა მიიღონ ცენტრში დაგეგმილ სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ექვსი რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ასევე თბილისში. დამატებით, დაგეგმილია საკონსულტაციო ცენტრების გახსნა გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.